გაჭედილის ადმინისტრაციული ერთეული

გაჭედილის ადმინისტრაციული ერთეულის ფართობია 51 კვ.კმ. გაჭედილი ტერიტორიულად მდებარეობს სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ოდიშის ვაკეზე, მდინარე აბაშის მარჯვენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 240 მეტრზე, მარტვილიდან დაშორებულია 8 კილომეტრით. გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლებია: გაჭედილი, პირველი ბალდა, მეორე ბალდა, მესამე ბალდა, სკურდი, პატარა თამაკონი.

დღეისათვის გაჭედილში ცხოვრობს 670 კომლი, სულთა რაოდენობა შეადგენს 2300-ს.

გაჭედილის ადმინისტრაციულ ერთეულს გააჩნია დიდი პოტენციალი ტურისტული სფეროს განსავითარებლად, რაშიც მრავალფეროვანი ბუნება უწყობს ხელს. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მოთენას მღვიმე, რომელიც მდინარეების ტეხურასა და აბაშის წყალგამყოფზე, სოფელ ბალდის მიდამოებში მდებარეობს. ადგილობრივთა გადმოცემით, შუა საუკუნეებში მღვიმეს სამხედრო-თავდაცვითი მიზნით იყენებდნენ. მოთენას მღვიმე  ორი დარბაზისგან შედგება. მღვიმიდან გამომავალი წყლის ნაკადი მდინარე აბაშას უერთდება.

თვალსაჩინოა კაღუს ჩანჩქერი.  ყურადღებას იპყრობს  ბზის ტყე და მღვიმეები, რომელიც ძალზე იშვიათობაა მსოფლიოში. ხოლო ,,კაღუს“ ჩანაჩქერს მნახველი აღფრთოვანებაში მოყავს, მისი უცნაური ფორმისა და უნიკალური სილამაზის გამო.

ონიორის ჩანჩქერისა და ტობის პირველი მღვიმის ბუნების ძეგლები – მღვიმე გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასვლელი (12X5 მ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. შესასვლელიდან 70 მეტრში 21 მ სიმაღლის მიწისქვეშა ჩანჩქერია, სადაც ჭერის სიმაღლე 30 მეტრზე მეტია. ცალკეულ ადგილას გვირაბის სიგანე 12-15 მ აღწევს. მღვიმიდან გამომავალი მიწიქვეშა მდინარე 15 მეტრში, 67 მ სიმაღლის ონიორეს ჩანჩქერს წარმოქნის.

ტობის ჩანჩქერისა და არსენ ოქროჯანაშვილის მღვიმის ბუნების ძეგლები – ბუნების ძეგლების კომპლექსი წარმოადგენს არსენ ოქროჯანაშვილის (ტობა II)  მღვიმისა და მისგან გადმომავალი ტობას კასკადოვანი ჩანჩქერის ერთობლიობას, რომელიც იშვიათ და ულამაზეს სანახაობას ქმნის. მღვიმე ძნელად მისადგომია და სპეციალური აღჭურვილობის გარეშე იქ ასვლა არ არის რეკომენდებული. გამომუშავებულია ზედაცარცულ შრეებრივ კირქვებში. შესასვლელი (15X20 მ ) ქარაფის გასწვრივ იხსნება. სამიარუსიანი, მრავალგანშტოებიან მღვიმეში რამდენიმე დარბაზია. მათ შორის გამოირჩევა: „ნონას დარბაზი“, „ნანას დარბაზი“, „სალონი“, „უნივერსიტეტი 50“, „ტბიანი“ და სხვა დარბაზები. ქიმიური ნალექები მრავალფეროვანი ფორმებით არის წარმოდგენილი. ერთ-ერთი სტალაგმიტის სიმარლე 7 მ აღწევს. მღვიმის ჯამური სიგრძით 1300 მ-ია. მღვიმიდან გამომავალი მდინარე, რომელიც მიწისქვეშ 4 ტბას აჩენს, წარმოქნის 234 მ სიმაღლის, (საქართველოში ყველაზე მაღალი) ტობის კასკადური ჩანჩქერს.

ბალდის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მამათა მონასტერი, რომელსაც დაახლოებით ოთხასი წლის ისტორია აქვს. იგი ბუნების მშვენიერ ადგილას, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, მოთენის, ისკიოდისა და ჯვრის მთების შესაყარში მდებარეობს. ეკლესიის მშენებლობა XVII საუკუნის დასაწყისში დაიწყო.

 

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content