ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარება ნიშნავს დასრულებული მშენებლობის სამშენებლო/სანებართვო პირობებთან შესაბამისობის საბოლოო დადგენას.
გადაწყვეტილება შენობა-ნაგებობების ექსპლუატაციაში მიღებისათვის ვარგისად აღიარების შესახებ მიიღება:ა) II კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 15 სამუშაო დღის ვადაში;ბ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2-მდე) – 15 სამუშაო დღის ვადაში;გ) III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში (1500 მ2-ზე მეტი) – 20 სამუშაო დღის ვადაში; დ) IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 30 სამუშაო დღის ვადაში.
განცხადებას თან უნდა დაერთოს:
ა) სამშენებლო/სანებართვო პირობებით განსაზღვრული მშენებლობის (გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობისა) ეტაპების დასრულების შესახებ ამ წესის შესაბამისად შედგენილი საეტაპო ოქმები;
ა1) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში, შეფასება განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე. ამასთან, თუ II კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მფლობელი არ დანიშნავს ტექნიკურ ზედამხედველს, იგი თავად წარადგენს შეფასებას განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების სანებართვო პირობებთან შესაბამისობის თაობაზე, ხოლო III და IV კლასის ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის შემთხვევაში, შეფასება შედგენილ უნდა იქნეს აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს/სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ.
ბ) შენობა-ნაგებობის საბოლოო მდგომარეობის ამსახველი ანაზომი, 3 ეგზემპლარად, ცვლილებების არარსებობის შემთხვევაში, დეკლარაცია ცვლილებების არარსებობის შესახებ. ასეთ შემთხვევაში ნახაზების წარდგენა სავალდებულო არ არის;
გ) შენობა-ნაგებობის ამსახველი ფოტოების წარმოდგენა;
დ) საკადასტრო აზომვითი ნახაზი, შენობა-ნაგებობის დატანით;
ე) შენობა-ნაგებობაში მექანიკური და ტექნოლოგიური მოწყობილობების არსებობის შემთხვევაში, მათ შორის, ლიფტებისა და ესკალატორების, დამონტაჟებული ტექნოლოგიური მოწყობილობების ან/და ხაზების გამოცდის აქტები, დამოწმებული შესაბამისი ორგანოს მიერ. ასეთი ორგანოების არარსებობის შემთხვევაში, უნდა იქნეს წარდგენილი მოწყობილობათა სამონტაჟო დოკუმენტაციის შესაბამისად განხორციელებული გამოცდის შედეგები, დამოწმებული სამონტაჟო ორგანიზაციისა და მშენებლობის ნებართვის მფლობელის მიერ;
ვ) მშენებლობადამთავრებულ ობიექტში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების შესრულების დასკვნა.