ისტორია და გეოგრაფია

გაჭედილას კანიონი

მარტვილის მუნიციპალიტეტი მდებარეობს დასავლეთ საქართველოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ლენტეხის, აღმოსავლეთით ხონისა და ცაგერის, სამხრეთით აბაშის, დასავლეთით სენაკისა და ჩხოროწყუს რაიონები.
მარტვილის ტერიტორიის სამხრეთ ნაწილი უჭირავს დაბლობს, რომელიც სამხრეთ-დასავლეთიდან ჩრდილო-აღმოსავლეთისაკენ მაღლდება 60-დან 170 მეტრამდე. უმაღლესი ადგილი, ტეხურას სათავე მდებარეობს ზღვის დონიდან 3003 მეტრზე. მუნიციპალიტეტის ტერიტორიას სამხრეთ-დასავლეთით გასდევს ასხის მთის მასივი, რომელიც მდიდარია კარსტული გამოქვაბულებით, ჩანჩქერებით, წიაღისეული საბადოებითა და საამშენებლო კირქვით. ლებარდეს, „ჩექოლასა “ და დვირის მთები მდიდარია სამკურნალო მინერალური წყლებით.
მდინარეთა ულამაზესი ხეობები ნაპირებზე ქმნის შესანიშნავ რელიეფურ წარმონაქმნებს, მცირე მდინარისპირა ვაკეებს და ზეგნებს, სადაც ათასწლოვან ალუვიურ ნიადაგზე შესანიშნავი ბაღებია გაშენებული.
მთის მასივები მდიდარია სხვადასხვა მცენარეთა და ცხოველთა უნიკალური ჯიშებით.

მარტვილის მონასტერი

მარტვილი დიდი ისტორიული და კულტურული წარსულის კერაა. აქ უძველესი  დროიდან ენთო განათლებისა და კულტურის ჩირაღდანი. მეათე საუკუნეში ჭყონდიდში მოღვაწეობდნენ დიდი  ჰიმნოგრაფები იოანე მინჩხი და სტეფანე სანანოიძე. მარტვილში, იგივე ჭყონდიდში, იწერებოდა და ვრცელდებოდა, უნიკალური სასულიერო  თუ საერო  ნაწარმოებები. უეჭველია, რომ აქ აღიზარდა მწიგნობართუხუცესის, მოძღვართ-მოძღვარის  გიორგი ჭყონდიდელის ზედამხედველობითა  და მისივე იდეებით, საქართველოს უბრწყინვალესი სიუზერენი დავით აღმაშენებელი. ამ კერას უკავშირდება დიდი მოძღვრის ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელის მოღვაწეობაც, რომელმაც მარტვილში შექმნა ქართული სახელმძღვანელო ლოგიკასა და ფსიქოლოგიაში.

„სამეგრელოში მარტვილს ჰქონდა ისეთივე მნიშვნელობა, როგორც რომის ქალაქს ფრანგთა შორის დასავლეთის ეკლესიაში“ წერდა გაზეთი „ივერია“ 1878 წელს.

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content