საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ინიცირებული პროგრამის ,,განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქვეყნის ფაქტობრივად ყველა მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაშია.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, პროგრამით დაფინანსებული რამდენიმე პროექტი ხორციელდება. მათ შორის, ქალაქ მარტვილში პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები დასრულებულია.
პროექტი მოიცავდა თავისუფლების, გამსახურდიას და თამარ მეფის ქუჩების განახლებას.
სამუშაოების განხორციელების შედეგად, მოხდა არსებული ბულვარის, 8 შენობისა და 3 პარკის რეაბილიტაცია.
,,განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა ახალი სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. ახალი პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.