12 იანვარს მარტვილის მუნიციპალიტეტის მუზეუმის სააქტო დარბაზში, მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის ფარგლებში არსებულ მდინარე ტეხურზე, ჰიდროელექტროსადგურების კასკადის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის საჯარო განხილვასთან დაკავშირებული საზოგადოებრივი კრება ჩატარდა.
კრებას უძღვებოდა პროექტის მფლობელი და განმხორციელებელი კომპანია „ტეხური ენერჯის“ აღმასრულებელი დირექტორი მოგელი ტყებუჩავა, როგორც მან განაცხადა, გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ტეხურის ჰიდროელექტროსადგურის კასკადის მშენებლობა სავარაუდოდ მიმდინარე წლის ივლისის თვეში დაიწყება. პროექტი სამ წლიანია და მისი ჯამური ღირებულება 170 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტის ხელმძღვანელების განცხადებით, მშენებლობაზე 2500 ადამიანი დასაქმდება. ექსპლუატაციის შემდეგ კი ჰესებზე 700 ადამიანი იქნება დასაქმებული, რომელთა უმრავლესობა ადგილობრივი მაცხოვრებელი იქნება.
კრებას ესწრებოდნენ: მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა, სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის მოადგილე კახაბერ რუსია, პროექტის მფლობელი და განმხორციელებელი კომპანია „ტეხური ენერჯის“ გენერალური დირექტორი ჰანანი ბენ მოშე, პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების შემმუშავებელი კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ანგული ტყებუჩავა , კომპანია „ტეხური ენერჯის“ პროექტის განვითარების მენეჯერი გიორგი ტყებუჩავა, გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ლევან იოსელიანი, გეოლოგები, ეკოლოგიური ექსპერტები და ადგილობრივი მოსახლეობა.
შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და მოსახლეობამ მათთვის საინტერესო კითხვებზე მიიღო შესაბამისი პასუხები.