მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლისთვის თედო ჯღარკავას სახელის მინიჭებასთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიებაზე შესრულდა მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები, ასევე, სკოლის ეზოში გამოფენილი იყო სკოლის ფოტომატიანე და მოსწავლეების ნამუშევრები.
თედო ჯღარკავამ, რომელიც 1882 წელს მარტვილის რაიონის სოფელ ქვედა ნაგვაზაოში დაიბადა, გასულ საუკუნეში საკუთარი კარ-მიდამო ქვედა ნაგვაზაოს სკოლას დაუთმო, რითაც ხელი შეუწყო მის განვითარებას. სოფლის მოთხოვნის საფუძველზე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის ბრძანებით, ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლას თედო ჯღარკავას სახელი მიენიჭა.
ღონისძიებას საქართველოს პარლამენტის წევრი ილია ინჯია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მარტვილის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა, ასევე მოწვეული სტუმრები და ადგილობრივები ესწრებოდნენ.