იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის შედეგადაც მოსახლეობა მიწას ბარიერების გარეშე დაირეგისტრირებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის მუნიციპალიტეტების გამგეობების და საკრებულოების წარმომადგენლებს, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან, ლევან შონიასთან და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე პაპუნა უგრეხელიძესთან ერთად გააცნო.
შეხვედრას მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველი მოადგილე გიორგი გოროზია, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ადგილობრივი მნიშვნელობის ბუნებრივი რესურსების გამოყენებისა და მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ნუგზარ მონიავა და მიწის საკუთრების აღიარების მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარე ამბროსი ჭყონია დაესწრო.
ზუგდიდის იუსტიციის სახლში ჩატარებული შეხვედრის მიზანი, მიწის რეგისტრაციის პროცედურების გამარტივების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდება იყო, რათა მომავალში საჯარო მოხელეებმა მოქალაქეებისთვის სათანადო კონსულტაციის გაწევა შეძლონ.
საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს და მოქალაქეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს ხდის. ცლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რასაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან. კანონპროექტის ავტორია იუსტიციის სამინისტრო.
პროექტის ფარგლებში მოსახლეობა უფასოდ ისარგებლებს შემდეგი მომსახურებებით:
► დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია;
► ნოტარიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება;
►მედიაცია, მათ შორის, სანოტარო მედიაცია;
► მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება;
► ფაქტების კონსტატაცია;
► მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია;
► საკადასტრო აზომვითი ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების დაზუსტება (რაც გულისხმობს ელექტრონული ნახაზის გარეშე არსებული მონაცემების დაზუსტების მიზნით ცვლილების რეგისტრაციას უფასოდ).
საკანონმდებლო ცვლილებები ერთი კვირაში შევა ძალაში. პროექტი თავდაპირველად 1 წლის განმავლობაში იმოქმედებს.