მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გაესაურბა და დაზიანებულ ობიექტებს ადგილზე გაეცნო.
ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა და ღელეებმა მარტვილის მუნიციპალიტეტის 15-მდე სოფელი დააზარალა. დატბორილია საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სოფელ თამაკონსა და აბედათში ადიდებულმა მდინარემ ხიდები წაიღო, რის გამოც ჯამში 180-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. დაზიანებულია სოფლის შიდა გზები, დახოცილია შინაური ფრინველები.
საკრებულოს თავმჯდომარე სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოფლებში–თამაკონსა და აბედათში, მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა. არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო–ზემო სვანეტის გუბერნატორი ლევან შონია, მაჟორიტარი დეპუტატი სოსო დანელია და მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა. ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას პრობლემის უახლოეს დღეებში გადაწყვეტას დაპირდა.