11-15 ივლისს, მარტვილის მუნიციპალიტეტი ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალს მასპინძლობდა. საერთაშორისო ფესტივალი „ლეგენდა მარტვილზე“, მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერითა და ბატონ ბადრი გვილავას ორგანიზებით ჩხოროწყუს, აბაშის, ფოთისა და სენაკის მუნიციპალიტეტებში გაიმართა.
ფესტივალის გახსნისა და დახურვის ცერემონია, რომელიც მარტვილში უნდა ჩატარებულიყო, მუნიციპალიტეტში დატრიალებული ტრაგედიის გამო ღონისძიებიდან ამოღებულ იქნა და დახურვის ცერემონია სენაკის მუნიციპალიტეტში, კერძოდ ნოქალაქევში, ღია ცის ქვეშ გაიმართა.
ფესტივალში მონაწილეობას იღებდნენ ფოლკლორული ანსამბლები, მარტვილიდან, სენაკიდან, ფოთიდან, ჩხოროწყუდან, აბაშიდან და ფესტივალში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლები: ალბანეთიდან, რუმინეთიდან, ბულგარეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან.
საერთაშორისო ფოლკლორული ფესტივალის საზეიმო დახურვას, მასპინძელი მუნიციპალიტეტების ხელისუფლების წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა.
ფესტივალის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს მარტვილის ღირსშესანიშნაობები, გაეცვნენ ადგილობრივ კულტურას და წეს–ჩვეულებებს, ასევე ნაციონალურ სამოსში გამოწყობილებმა, სიმღერით, მოაწყვეს მსვლელობა ქალაქის ცენტრში.
ფესტივალი გრანდიოზული კონცერტითა და ფეიერვერკით დაიხურა და ერთი წლით დაემშვიდობა მაყურებელს. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი ტრადიციულ სახეს მიიღებს და იგი ყოველი წლის ივლისის თვეში ჩატარდება.