მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო უერთდება 16 დღიან კამპანიას, რომელიც მსოფლიოში 25-ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით 1991 წლიდან აღინიშნება. 16 დღის განმავლობაში, მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო გეგმავს როგორც ონლაინ შეხვედრების სერიას, ისე საინფორმაციო სოც. მედია აქტივობების განხორციელებას.
ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობა ადამიანის უფლებების დარღვევაა, რომელიც მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს გენდერული თანასწორობის მისაღწევად. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს ხელისუფლების მიერ არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება განხორციელდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის და პრევენციის მიზნით. მათ შორის, დაიხვეწა კანონმდებლობა, შეიქმნა დამატებითი საკანონმდებლო გარანტიები ძალადობის მსხვერპლთათვის და გაძლიერდა ინსტიტუციური მექანიზმები. ამის მიუხედავად შეგვიძლია ვთქვათ, რომ პრობლემა კვლავ აქტუალურია, რასაც კიდევ უფრო ართულებს პანდემიის შედეგად გამოწვეული გარემოებები. ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა მუნიციპალიტეტის პრიორიტეტია. დემოკრატიულ, თანასწორუფლებიანობაზე დაფუძნებულ საზოგადოებაში მიუღებელია ძალადობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებაში ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გახდეს სოციალურად მიუღებელი ქცევა.
მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულო მხარს უჭერს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დაძლევა საერთო საქმე და საერთო პასუხისმგებლობაა. მნიშვნელოვანია, საზოგადოების თითოეულმა წევრმა გავაცნობიეროთ, რომ თვალის დახუჭვა, გულგრილობა, გვერდზე გადგომა დაუშვებელია, და რომ თითოეული ადამიანის ერთი ზარი შესაძლოა გადამწყვეტი აღმოჩნდეს სხვა ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობის დასაცავად.