მარტვილის მუნიციპალიტეტში, დადიანების სასახლის ეზოში, შობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა.
დამსწრე საზოგადოების განწყობაზე ქუთაისის გოგებაშვილის სახელობის თოჯინების თეატრის და სტუდია „ბერიკების“ მსახიობებმა იზრუნეს, ასევე მათ განწყობაზე იზრუნა მომღერალმა ნინი ჯავახიშვილმა. ღონისძიება გათვლილი იყო ყველა ასაკის მაყურებლისთვის, თუმცა განსაკუთრებით პატარებმა იმხიარულეს.
შეკრებილ საზოგადოებას შობა-ახალი წელი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ მიულოცა. ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუა პატარებს ტკბილეულით გაუმასპინძლდა.
ღონისძიება ჭყონდიდელი მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს (კალაიჯიშვილი) ინიციატივით და ორგანიზებით გაიმართა.