სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნუკრი ხასიამ, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან ერთად, მარტვილის მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.
მარტვილის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადებს. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მერიის და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება თავისუფლების ქუჩაზე გზის გამყოფი სკვერის და ტროტუარების რეაბილიტაცია. სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები” პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.
ქალაქ მარტვილში № 1 საჯარო სკოლის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ღირებულება 3 037 298 ლარს შეადგენს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „ელ ჯორჯია“ ასრულებს. სკოლას რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩაუტარდა და სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. პროექტის ფარგლებში, მოეწყო საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედნები და ეზოს ტერიტორია. ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემები.
ქალაქ მარტვილში მემორიალის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა არსებულ მემორიალურ დაფას და ძეგლს, კასკადს, კიბეს და აუზს, მოეწყო ღობე. პროექტის ღირებულებამ 667 222 ლარი შეადგინა. სამუშაოები შპს „დაგი“მ განახორციელა. მემორიალის სამშენებლო სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დაფინანსებით განხორციელდა.