მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გურძემში ახალი საბავშვო ბაღის სამშენებლო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. სოფელს აქამდე საბავშვო ბაღი არ ჰქონია, ახალი სასწავლო წლიდან კი პატარებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საბავშვო ბაღში შეეძლებათ სკოლამდელი განათლების მიღება.
გურძემში საბავშვო ბაღის მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული დავით ვერავა, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერთან თორნიკე ჯანაშიასთან ერთად გაეცნო.
გურძემთან ერთად, ახალი საბავშვო ბაღების მშენებლობა ასევე მიმდინარეობს მარტვილის მუნიციპალიტეტის გაჭედილის და კიწიის ადმინისტრაციულ ერთეულებში. პროექტს საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.
ახალ ბაღებში ასევე მოეწყობა ეზო და გარე სათამაშო სივრცეები. საბავშვო ბაღების შენობა სრულად ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.
სახელმწიფო რწმუნებული ასევე გაეცნო მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ტალერში საჯარო სკოლის მშენებლობის პროცესს. პროექტის ფარგლებში ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საჯარო სკოლა შენდება. პროექტი ითვალისწინებს საკლასო ოთახების, ლაბორატორიის, ბიბლიოთეკის, სამასწავლებლოს, ექიმის კაბინეტის, რეკრეაციული სივრცის და ღობის მოწყობას. შენობა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ: