მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები აქტიურად გრძელდება.
დღეს, დასახლებების საერთო კრებები გაიმართა ნაგვაზაოს, ხუნწის, ნაჯახაოს, ლეხაინდრაოს და ვედიდკარის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში.
შეხვედრებს მარტვილის მუნიციპალიტეტისმერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები და მერიის შესაბამისის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, სპორტული მოედნების, ხიდ-ბოგირების და გარე განათების მოწყობა დაასახელეს.
2023 წელს მარტვილის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.
თითოეულმა სოფელმა მცირე ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით, თავად გადაწყვეტენ რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა. შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წარედგინება.