პროგრამა „ჩემი პირველი კომპიუტერის“ ფარგლებში, 2021-2022 სასწავლო წლის საბაზო საფეხურის წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ.
პროგრამის ფარგლებში სწავლაში მიღწეული წარმატებისთვის პერსონალური კომპიუტერი მარტვილის მუნიციპალიტეტის 36 მოსწავლეს გადაეცა.
საჩუქრები მოსწავლეებს მარტვილის მუნიციპალიტეტის მერმა თორნიკე ჯანაშიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან ლევან სურმავასთან და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელთან პაშა გულორდავასთან ერთად გადასცა.
პროგრამას, „ჩემი პირველი კომპიუტერი“, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან ერთად უკვე 14 წელია წარმატებით ახორციელებს. პროგრამის მიზანს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლება და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერება წარმოადგენს.
ასევე დაჯილდოვდნენ მარტვილის მუნიციპალიტეტში ესსეების კონკურსში გამარჯვებული მოსწავლეები.
ესსეების კონკურსი 10 თებერვალს გამოცხადდა, ნაშრომების მიღება 20 მარტს დასრულდა, ხოლო გამარჯვებულები 31 მარტს გამოვლინდნენ. კონკურსის თემატიკა იყო: „საქართველოს რესპუბლიკის 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და მისი მნიშვნელობა საქართველოს სახელმწიფოებრიობისათვის“; „საქართველოს გზა დამოუკიდებლობისკენ და ეთნიკური კონფლიქტებით ჩატეხილი ხიდები“; „საბჭოთა ნანგრევებში მოყოლილი ეროვნული თავისუფლება“.
გამარჯვებული მოსწავლეები დიპლომებით, ხოლო მონაწილეები სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.