მარტვილის მუნიციპალიტეტში, აზა ადამიას სახელობის ახლადრეაბილიტირებული №2 საჯარო სკოლა გაიხსნა. მოსწავლეებმა სწავლა ახალ, თანამედროვე სტანდარტების მქონე სკოლის შენობაში განაახლეს.
სკოლის გახსნას სამეგრელო ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ვიბლიანი, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე კობა დარჯანია, საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი პაშა გულორდავა და მერიის და საკრებულოს ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
თორნიკე ჯანაშიამ საჯარო სკოლის პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს ახალ, თანამედროვე სკოლაში სწავლის გაგრძელება მიულოცა.
„გილოცავთ ახალი სკოლის გახსნას, ვულოცავ პედაგოგებს, მოსწავლეებს და მშობლებს. ეს არის თანამედროვე სტანდარტებით მოწყობილი სკოლა და მიხარია, რომ ჩვენს მომავალ თაობას შესაძლებლობა აქვს ღირსეულ გარემოში მიიღოს განათლება.“ – განაცხადა თორნიკე ჯანაშიამ.
№2 საჯარო სკოლის სარეაბილიტაციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით განხორციელდა. პროექტის ფარგლებში სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. მოეწყო გათბობის სისტემა, ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, სპორტული დარბაზი, მინი სტადიონი. შენობა ადაპტირებულია სპეციალური საჭიროების მქონე პირებისათვის.