მარტვილის მუნიციპალიტეტში ტრადიციულად ყოველი წლის 25 სექტემბერს წმინდა მეფის დავით აღმაშენებლის აღმზრდელისა და ვეზირთუპირველესის წმინდა მღვდელმთავრის გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესის ხსენების დღე-’’ჭყონდიდობა’’ აღინიშნება. ეს დღე უჩვეულო ხალხმრავლობით გამოირჩევა, ამ საერო და საეკლესიო დღესასწაულში მონაწილეობდნენ საქართველოს ხელისუფლებისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, მეცნიერების ხელოვნების, კულტურის წარმომადგენლები, სტუმრები მეზობელი რაიონებიდან და ადგილობრივი მოსახლეობა.
2014 წლის 25 სექტემბერს მარტვილის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში წირვა აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ (ცაავა). ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს წმ. გიორგი ჭყონდიდელის ძეგლი. გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჩატარდა სამეცნიერო კონფერენცია. ქალაქის ცენტრში გაიმართა სხვადასხვა სპორტული ღონისძიებები: მაგიდის ჩოგბურთის ჩემპიონატი, რაგბის, ლელოსა და ფეხბურთის ფესტივალი, ბაზიერთა სანახაობრივი გამოფენა, შეჯიბრება ჭადრაკში, შაშში, ნარდსა და მძლეოსნობაში, ამფითეატრის ტერიტორიაზე მოეწყო სასპორტო და საფეხბურთო სკოლების მიერ ჩატარებული ღონისძიებებისა და დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია, რომელსაც მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებთან ერთად ესწრებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი ლევან ყიფიანი, პრეზენტაციაზე მინისტრმა პრიორიტეტად მარტვილში საფეხბურთო ბაზის რეკონსტრუქცია დაასახელა. პირველად მარტვილში, ჯომარდობის ფედერაციის წარმომადგენლების ინიციატივით მდინარე ტეხურაზე მოეწყო სლალომი და ჩატარდა ტურნირი, სადაც მონაწილეობდნენ ქართველი და უკრაინელი ჯომარდელები.
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის საგანმანათლებლო პროექტის ,,წიგნი ყველა სოფელს“ ავტორთა და მონაწილეთა მიერ წიგნები საზეიმოდ გადაეცა მარტვილის საჯარო სკოლებსა და ცენტრალურ ბიბლიოთეკას ბიბლიოთეკას.
დღის ბოლოს ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში ჩატარდა კონცერტი. მონაწილეობდნენ ქართველი მომღერლები: ანსამბლი გორდელა, მერაბ ნუცუბიძე, ოთო ნემსაძე, ალუდა თოდუა, ჯგუფი იბერია და მარტვილის კულტურის სახლთან ასრებული შემოქმედებითი კოლექტივების წარმომადგენლები. აქვე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მეგრული ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული კუთხე მოაწყვეს.
მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ მარტვილის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭა სამ მარტვილელს. დამსახურებულ პედაგოგს ქალბატონ მერი მარკოზიას, ცნობილ ქართველ ფეხბურთელს გოგა გახოკიძეს, მეცნიერს გია კვაშილავას და მათ გადასცა სპეციალური სიგელები. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილში იმყოფებოდა საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლევან ყიფიანი, სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის – გუბერნატორი ლევან შონია, გუბერნატორის მოადგილე დავით სართანია და სხვა ოფიციალური პირები. სტუმრებმა მოინახულეს სოფელ სალხინოს საზაფხულო რეზიდენცია, სადაც გაიმართა სიმებიანი კვარტეტის კონცერტი.