ორ წელიწადში ერთხელ ევროპის 14-18 წლამდე ახალგაზრდებს შორის, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიადა იმართება. დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს, ოლიმპიური თამაშების სიმბოლო-ოლიმპიური ცეცხლი, ათენის პანათინაიკოსის სტადიონზე აინთო და ბათუმიდან საქართველოში შემოვიდა. ოლიმპიური ჩირაღდანი საქართველოს 67 მუნიციპალიტეტს მოივლის და თბილისში ჩაბრძანდება.
დღეს, ოლიმპიური ცეცხლი მარტვილის მუნიციპალიტეტში ჩამობრძანდა. ესტაფეტაში მონაწილეობას იღებდა მუნიციპალიტეტის გამგებელი ალექსანდრე გრიგალავა და ადგილობრივი სპორტსმენები.
მარტვილის მუნიციპალიტეტის ამფითეატრში გაიმართა ოლიმპიური ცეცხლის დახვედრის საზეიმო ცერემონია, რომელსაც ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია, თავმჯდომარის მოადგილე ვარლამ ქაჯაია, გამგებლის მოადგილეები გიორგი გოროზია და დავით სილაგავა, სხვა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები, რომლებიც ძლიერი წვიმის მიუხედავად ელოდნენ ცეცხლის საზეიმო ვითარებაში შემობრძანებას. სტუმრებს სიტყვით მიმართა საკრებულოს თავმჯდომარემ და მუნიციპალიტეტის გამგებელმა, რომლებმაც მიულოცეს მარტვილს ეს მნიშვნელოვანი დღე და წარმატებები უსურვეს საქართველოს „თბილისი 2015“ ის ოლიმპიადაზე. ოლიმპიური ცეცხლი დღეს მარტვილში დარჩება და ხვალ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს შემოივლის.
მე-13 ოლიმპიური ფესტივალი „თბილისი 2015“ , 26 ივლისს დაიწყება და პირველ აგვისტოს დასრულდება.