23 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტსა და პოლონეთის ქალაქ ჩარნკოვის შორის ურთიერთთანამშრომლობისა და პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი. ხელშეკრულების შესაბამისად მხარეები იღებენ ვალდებულებას გაუზიარონ ერთმანეთს ცოდნა და გამოცდილება სხვადასხვა სფეროებში. მემორანდუმს ხელი მარტვილის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და ქალაქ ჩარნკოვის გამგებლის მოადგილე მონიკა პიოტროვსკამ მოაწერა. მემორანდუმის გაფორმების ფარგლებში, მარტვილს დელეგაცია პოლონეთიდან სტუმრობდა. მათ მასპინძლობა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გაუწიეს. სტუმრებს შორის იყვნენ: ქალაქ ჩარნკოვის საკრებულოს თავმჯდომარე, ქალაქის გამგებლის მოადგილე, სკოლის დირექტორები და ბიზნესმენები.
დელეგაციის წევრები გაეცვნენ მარტვილს, მათ მოინახულეს სხვადასხვა სკოლები, ბაღები, საწარმოები. გაეცვნენ მარტვილის კულტურას, ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, ასევე პრობლემურ საკითხებს.
პოლონური დელეგაციის ჩამოსვლას წინ უძღვოდა, მარტვილის ხელისუფლების წარმომადგენლების სტუმრობა ქალაქ ჩარნკოვში. სტუმრები მარტვილში ერთ კვირიანი ვიზიტით იმყოფებოდნენ და 25 მაისს პოლონეთში გაემგზავრებიან.