ინჩხურის ადმინისტრაციული ერთეული მდებარეობს სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის მარტვილის მუნიციპალიტეტში, ასხის მასივის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, მდინარე აბაშის მარცხენა სანაპიროზე, ზღვის დონიდან 280 მეტრზე. მარტვილიდან დაშორებულია 6 კილომეტრით. ფართობი 13,7 კვ.კმ. ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში შედის სამი სოფელი: დიდი ინჩხური, პატარა ინჩხური, ლებაჩე. ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეულში ცხოვრობს 1758 სული, კომლთა რაოდენობა შეადგენს 461-ს.
ინჩხურის ადმინისტრაციულ ერთეული გამოირჩევა მრავალფეროვანი ბუნების ძეგლით. ტურიზმის განვითარების თვალსაზრისით განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მარტვილის კანიონი, რომლის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია „დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლელად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი ჭყონდიდელი და დავით აღმაშენებელი. ასევე სოფელში ფუნქციონირებს წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის ეკლესია.