მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით დასახლებების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები დაიწყო.
2023 წელს, მარტვილის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 990 000 ლარი დაიხარჯება.
თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო, ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
საკონსულტაციო შეხვედრები 30 იანვრიდან – 3 თებერვლის ჩათვლით მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება, შერჩეული პროექტები კი დასამტკიცებლად საკრებულოს წარედგინება. პროექტს საქართველოს მთავრობა ახორციელებს.