მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა

მარტვილის მუნიციპალიტეტში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ, სურსათის ეროვნული სააგენტოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე უკვე გამოსცა.
კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა), აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. მოხდება ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებისა და დადორბლილი საგნების დეზინფექცია.
განკარგულების შესაბამისად ადამიანები, რომლებიც დაკბენილები ან დადორბლილები იყვნენ ცხოველის მიერ აყვანილ იქნენ ანტირაბიულ კონტროლზე.
არსებული კარანტინი მოიხსნება ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ.
ცნობისთვის, 24 აპრილს მარტვილში დაფიქსირდა მიუსაფარი ძაღლის მიერ 10 ადამიანის დაკბენვის ფაქტი. ყველა მათგანს ჩაუტარდა პრევენციული (ანტირაბიული) მკურნალობა. ძაღლი დაკვირვების მიზნით, გადაყვანილი იყო თავშესაფარში, სადაც ცხოველი მოკვდა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად დადასტურდა ცხოველის ცოფით დაავადება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარებმა დღეიდანვე დაიწყეს ვეტერინარული ღონისძიებები.
გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content