20 ოქტომბერს, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის წმინდა ამბროსი ხელაიას სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრში, წმინდა ამბროსი ხელაიასადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას ჭყონდიდის, ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიის მიტროპოლიტი სტეფანე, მარტილის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრო.
უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა–თბილისის მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ხელაია) დაიბადა 1861 წელს ზუგდიდის მაზრის სოფელ მარტვილში. დაწყებითი განათლება სამეგრელოს სასულიერო სასწავლებელში მიიღო, შემდეგ სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1887 წელს სოხუმის ეპისკოპოსმა მღვდლად აკურთხა. მსახურობდა სოჭში, სოხუმში, ახალ ათონსა და ლიხნში. იყო აგრეთვე სოხუმის, ახალი ათონისა და ლიხნის საეკლესიო-სამრევლო სკოლების ზედამხედველი და ქართული ენის მასწავლებელი. ებრძოდა ცარიზმის რუსიფიკატორულ და შოვინისტურ პოლიტიკას აფხაზეთში, პრესაში ილაშქრებდა იმ პირთა წინააღმდეგ, ვინც აფხაზებს ქართველთა სიძულვილს უნერგავდნენ და დევნიდნენ ქართულ ენას. იგი იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის, რის გამოც 1905 წელს რუსეთში გადაასახლეს, 1908 წელს – ახალი ბრალდება წაუყენეს, თითქოს ეგზარქოს ნიკონის სიკვდილში მიეღოს მონაწილეობა. 1911 წელს გაამართლეს, მაგრამ საქართველოში ჩამოსვლის უფლება მაინც არ მისცეს. საქართველოში იგი მხოლოდ 1917 წლის აგვისტოში დაბრუნდა. 1917 წლის 17 სექტემბერს იგი აიყვანეს მიტროპოლიტის ხარისხში და იყო ჯერ ჭყონდიდის, შემდეგ აფხაზეთისა და სოხუმის მიტროპოლიტი. 1921 წლის მესამე საეკლესიო კრებაზე არჩეულ იქნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად.
მას ეკუთვნის პატიმრობის დროს წარმოთქმული ცნობილი სიტყვები: “ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, მტარვალებო!” კათოლიკოს–პატრიარქი გარდაიცვალა 1927 წლის 29 მარტს, 1995 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა წმინდა მღვდელმთავარ ამბროსი აღმსარებლის სახელით.