მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ინჩხურის წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის ტაძარში, წმინდა ამბროსი აღმსარებლის დაბადებიდან 161 წლისთავთან დაკავშირებით, ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა სტეფანემ საზეიმო წირვა აღავლინა.
საზეიმო წირვის დასრულების შემდეგ წმ. ამბროსი აღმსარებლის სახელობის საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზში ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაში მარტვილის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრათან არსებული წრეების აღსაზრდელები მონაწილეობდნენ.
ღონისძიებას მარტვილის მუნიციპალიტეტის მერი თორნიკე ჯანაშია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან სურმავა, მერის მოადგილე გივი ელიავა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსი მურმან წოწორია, სასულიერო პირები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
ამბროსი (ერისკაცობაში ბესარიონ ზოსიმეს ძე ხელაია) 1861 წელს მარტვილში დაიბადა. ის გახლდათ ქართველი სასულიერო და საზოგადო მოღვაწე, მეცნიერი, საქართველოს ეროვნული გმირი. 1921-1927 წლებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი იყო.