28 მაისს საკრებულოს თავმჯდომარე ალექსი გაბისონია და მარტვილის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსი პაშა (მაკა) გულორდავა, „მარტვილის ახალგაზრდული იდეიის“ წევრებს და მუნიციპალიტეტის ახალგაზრდებს შეხვდა. „ახალგაზრდული იდეის“ წევრებმა , საკრებულოს თავმჯდომარეს და დამსწრე საზოგადოებას, მათი საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ახალგაზრდების თქმით : “ხალგაზრდული იდეა“ არის „ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის“ ერთ-ერთი პროექტი. „ ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი ახალგაზრდული იდეის (Youth Bank) მეთოდოლოგიას იყენებს, რომელიც ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდის ხელშემწყობი ინოვაციური მიდგომაა. ახალგაზრდული იდეა გულისხმობს 7-10 ახალგაზრდისაგან (16-21 წლის) შემდგარი ჯგუფების, ე.წ. ახალგაზრდული იდეის კომიტეტების, ჩამოყალიბება-გაძლიერებას ტრეინინგებითა და ფინანსური რესურსებით, რათა მათ, თავის მხრივ, თანატოლების მიერ ადგილობრივ დონეზე არსებული პრობლემების მოსაგვარებლად შექმნილი პროექტების შერჩევა, დაფინანსება და მონიტორინგი შეძლონ. ახალგაზრდული იდეის კონცეფცია ეფუძნება დაშვებას, რომ ახალგაზრდების ჩართვა პროექტებში, რომელსაც თავად ქმნიან და რომლის განხორციელებასაც თავად უზრუნველყოფენ, საუკეთესო საშუალებაა მათ გასააქტიურებლად. შესაბამისად, გრანტის გაცემა არის მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც ახალგაზრდები ხდებიან უფრო თავდაჯერებულები და იუმჯობესებენ ლიდერობის, ჯგუფური მუშაობის, ობიექტურად და გამჭვირვალედ გადაწყვეტილებების მიღების, პრობლემის გადაჭრის გზების ძიების, კომუნიკაციის, ფინანსური და პროგრამული ანგარიშგების მომზადებისა და სხვადასხვა სახის ღონისძიებების ორგანიზების უნარ-ჩვევებს.
საკრებულოს თავმჯდომარემ შეხვედრის ბოლოს მიმართა ახალგაზრდებს და გამოხატა დიდი სიხარული, იმის გამო, რომ ახალგაზრდები ასე აქტიურად ჩაერთვნენ სხვადასხვა პროექტებში, იმედი გამოთქვა, რომ მომავალშიც ასე გაგრძელდება და ახალგაზრდები მონაწილეობას მიიღებენ ქვეყნის განვითარებაში, მადლობა გადაუხადა მათ ამ აქტიურობისთვის და წარმატებები უსურვა.