სენაკის რაიონული პროკურატურის წარმომადგენლებმა ფემიციდის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიის ფარგლებში შეხვედრა გამართეს გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის – „არა ფემიციდს“ ფარგლებში.
საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა მარტვილის გივი ელიავას სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში საჯარო სკოლის მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან.
გამართული შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა ინფორმაცია მიაწოდეს ფემიციდის, ქალთა მიმართ გენდერული ძალადობის და ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების და არსებული გამოწვევების შესახებ, ასევე მოეწყო დოკუმენტური ფილმის ჩვენება ფემიციდის დანაშაულებებთან დაკავშირებით, შეხვედრა ინტერაქტიურ რეჟიმში წარიმართა.
ასევე, ისაუბრეს მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორების სამსახურის თაობაზე, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულები მსგავსი კატეგორიის დანაშაულებში და მათი მოვალეობა სწორედ დაზარალებულთა და მსხვერპლთა მხარდაჭერა და გაძლიერებაა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქალთა გენდერული ნიშნით მკვლელობების გამომწვევ მიზეზებს, გენდერული სტერეოტიპების განხილვას, ასევე რა ბარიერებს აწყდებიან ქალები, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლები ხდებიან.
ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიის მიზანი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ფემიციდის დანაშაულების პრევენციაა.
სწორედ ამ მიზნით, სპეციალიზებული პროკურორები საქართველოს სხვადასხვა რეგიონსა და ქალაქში აქტიურად განაგრძობენ საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს.
ფემიციდის წინააღმდეგ კამპანია აშშ-ს საელჩოსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN)მხარდაჭერით ხორციელდება.