საკრებულოს თავმჯდომარემ პოლონელ სომელიეს უმასპინძლა

27-29 მაისს, მარტვილის მუნიციპალიტეტს  პოლონელი სომელიე მარიუშ ნაპორა სტუმრობდა, რომელიც რეჟისორ იურიკ ბოიანოვსკისთან ერთად ფილმს „სომელიეს მოგზაურობას“ იღებს. ფილმი ღვინის ისტორიისა და კულტურის შესახებაა. ავტორის თქმით, შოუში სულ 12 ქვეყნის ვაზისა და ღვინის კულტურა იქნება წარმოჩენილი. მათ გადაწყვიტეს პროექტი ღვინის უძველესი ქვეყნიდან საქართველოდან დაეწყოთ. მათ თან ახლავთ პოლონეთში საქართველოს სათვისტომოს ხელმძღვანელი ქალბატონი ეკატერინე ლოლაძე.
ჩამოსულ სტუმრებს მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ალექსი გაბისონიამ უმასპინძლა. სტუმრებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად დაათვალიერეს  მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დაცული ექსპონატები, შემდეგ კი მუზეუმის მარანში გადაინაცვლეს და ადგილობრივი უძველესი ვაზის ჯიშებისაგან დამზადებული ღვინო დააგემოვნეს. სტუმრებმა მოინახულეს გოჭკადილის კანიონი, კაღუს ჩანჩქერი სოფელ ბალდაში. პოლონელებს მასპინძლებმა გააცნეს მეგრული სამზარეულო და მეგრული კერძების მომზადების პროცესი.

მათთვის ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტმა ბატონმა დავით ქაცარავამ მდინარე ტეხურზე ჯომარდობის საინტერესო ტური მოაწყო. მან სტუმრებს ჯომარდობაში ინსტრუქტაჟი თავად ჩაუტარა და კიდევ ერთი ლამაზი და დასამახსოვრებელი  დღე აჩუქა.

სალხინოს დადიანების საშემოდგომო რეზიდენციაში სტუმრები ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მიიღო. მან დადიანებისა და სასახლის ისტორიის გაცნობის შემდეგ ისინი მარანში მიიპატიჟა, სადაც ღვინის დამზადების პროცესი გააცნო და ცნობილი ღვინო „ოჯალეში“ გაასინჯა.

დღის ბოლოს, დიდი ჭყონის კულტურის სახლში დიდი ჭყონისა და მარტვილის კულტურის სახლების შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით სტუმრებისთვის კონცერტი გაიმართა. კონცერტის შემდეგ მარიუშ ნაპორამ და ეკატერინე ლოლაძემ მადლობა გადაუხადეს ყველას გულთბილი დახვედრისთვის და მასპინძლობისათვის, ხოლო კონცერტში მონაწილე ახალგაზრდული ჯგუფები პოლონეთში ფესტივალზე მიიწვიეს, რომელიც აგვისტოს თვეში გაიმართება.

სტუმრები 30 მაისს გაემგზავრნენ მარტვილიდან. ისინი ივლისის თვეში ისევ ეწვევიან მარტვილს დოკუმენტური ფილმის გადაღების მიზნით, რისთვისაც პოლონეთიდან იგეგმება 30 კაციანი გადამღები ჯგუფის ჩამოსვლა. დასრულებული ფილმის ნახვა მაყურებელს ოქტომბრის თვიდან შეეძლება.

გთხოვთ მოიწონეთ და გააზიარეთ:
Pin Share

გააზიარეთ ინფორმაცია მარტვილის მუნიციპალიტეტიდან

Follow by Email
YouTube
Skip to content