17 მაისს 19:00 საათზე, მარტვილის ტრიფონ ხუხუას სახელობის კულტურის სახლში გაიმართება პრემიერა ინგლისურენოვანი მიუზიკლისა „მუსიკის ჰანგები“, რომელშიც საჯარო სკოლის 30-მდე მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
პროექტს, ჭყონდიდელ მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევითა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით, ინგლისური ენის შემსწავლელი სკოლა “London Centre” ახორციელებს.
მიუზიკლის დამდგმელი რეჟისორია გიორგი წითური-ხოშტარია;
მუსიკალური გაფორმება ეკუთვნის ანა გორგაძეს;
კოსტუმების მხატვარი – აჩი მაისურაძე;
დიზაინერი – თეა მიქაია.
ტექსტის ლიტერატურულ გამართვაზე იმუშავა “London Centre”-ის პედაგოგებმა, რომლის დამფუძნებელია ფიქრია ჭყონია, თანადამფუძნებელი ნანა კალმახელიძე. სკოლის დირექტორია ნანა ახვლედიანი.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული სკოლისათვის მსგავსი პროექტი პირველი არ არის.
2014 წელს მათი თაოსნობით და ამავე სკოლის მოსწავლეების მონაწილეობით ჩარლზ დიკენსის ,,ოლივერ ტვისტის“ მიხედვით მიუზიკლი ,,ოლივერი“ დაიდგა, რომელიც როგორც რეგიონებში, ასევე თბილისის თეატრებში იქნა წარმოდგენილი და დიდი მოწონება დაიმსახურა.
პროექტის განხორციელებაში წვლილი შეიტანეს, როგორც მოსწავლეების მშობლებმა, ასევე ბიზნესმენებმა გოგი ჩიხლაძემ და ალექსანდრე ახვლედიანმა.
მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან ბრიტანული საბჭოს წარმომადგენლები, თეატრმცოდნეები, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები, რეგიონული და ადგილობრივი ხელისუფლებისა და საზოგადოების წარმომადგენლები.