მარტვილის მუნიციპალიტეტში, სალხინოს დადიანთა საშემოდგომო რეზიდენციაში კამერული მუსიკის მეორე საერთაშორისო ფესტივალი – „სალხინოს სასახლის კამერატა“ გაიმართა,. ფესტივალი ტრადიციულად სამდღიანი იყო და ის სასახლის ორსაუკუნოვან ხეივანში, ღია ცის ქვეშ მოეწყო.
წელს ფესტივალში მონაწილეობა 20 -მა მუსიკოსმა, ექვსი ქვეყნიდან მიიღო – საქართველო, ავსტრია, ბელგია, ლიტვა, თურქეთი და სომხეთი.
ფესტივალის ორგანიზატორია კულტურულ-საგანმანათლებლო ფონდი „დღეს“, მხარდამჭერი – მარტვილის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა, ინიციატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი მუსიკოსი შიო აბრახამია, დირექტორი- კომპოზიტორი ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი. ფესტივალი ხორციელდება ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრეს (ცაავა) ლოცვა–კურთხევით და მხარდაჭერით.
ფესტივალს სპეციალურად მიწვეული სტუმრის სტატუსით ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსიკის მცოდნეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ქართული ესტრადის ვარსკვლავები, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ღონისძიება სრულად დაფინანსდა ადგილობრივი ბიზნესსექტორის ხარჯებით. ოქროს სპონსორია ღვინის კომპანია „როიალ დადიანი“, გენერალური სპონსორი „MBC- მარტვილის ბიზნესცენტრი“. სპონსორები: კარლო ბეჭვაია, ლევან ღლონტი, კახმეგ კუდავა, გიორგი ყურუა, ფრიდონ ინჯია, ალექსანდრე ახვლედიანი, ალექსანდრე ხურცილავა, ირინე გადელია, ზაზა ხაჟომია, დავით ციკოლია, როინ გვილავა, სოსო გვაზავა.
მეორე საერთაშორისო კამერული მუსიკის ფესტივალი 30 სექტემბერს გაიხსნა და 2 ოქტომბერს გალა კონცერტით დაიხურა. ფესტივალი, მსმენელს, მომავალ წლამდე დაემშვიდობა.