22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის საჯარო მოხელეებმა დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
საჯარო მოხელეებთან ერთად დასუფთავების აქციაში ჩაერთვნენ სხვადასხვა სამსახურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დასუფთავების აქციის მონაწილეებმა მდინარე აბაშის სანაპირო ზოლი პოლიეთილენის ბოთლებისგან, პარკებისგან და საყოფაცხოვრებო ნივთებისგან გაწმინდეს.
1993 წელს, 22 მარტი წყლის საერთაშორისო დღედ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააწესა. ეს არის დღე, როდესაც მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი პროდუქტია სასმელი წყალი კაცობრიობისათვის და რა დიდი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების მოფრთხილებასა და დაცვას.
შეგროვებული ნარჩენების გატანა მარტვილის დასუფთავების სამსახურმა უზრუნველყო.