მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიაში, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე, საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე, რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეები ალექსანდრე ხურცილავა და გივი ელიავა, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის ვადებისა და პირობების შესახებ სამხედრო გაწვევისა და რეკრუტირების სამეგრელო – ზემო სვანეთის და გურიის რეგიონული ცენტრის უფროსმა, ვიცე-პოლკოვნიკმა კახაბერ ინალიშვილმა, მისმა მოადგილემ, ცენტრის სერჟანტმა და მუნიციპალური განყოფილების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს.
კანონმდებლობის თანახმად, 2025 წლიდან წვევამდელთა შერჩევა ყოველწლიური შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ხორციელდება, ხოლო სამხედრო სამსახურის გავლა შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში.
წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის პირობებია:
საბრძოლო ქვედანაყოფი – 6 თვე, ანაზღაურება 765 ლარი;
საბრძოლო მხარდაჭერისა და საბრძოლო უზრუნველყოფის ქვედანაყოფი – 8 თვე, ანაზღაურება 635 ლარი;
უმცროსი სამეთაურო თანამდებობა და წინასწარ განსაზღვრული სპეციალობით სამსახური – 11 თვე, ანაზღაურება სერჟანტებისთვის – 1275 ლარი, ოფიცრებისთვის – 1530 ლარი.
წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში საკუთარი სურვილით წასულ პირებს 30%-ით მეტი ოდენობის ანაზღაურება დაენიშნებათ.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.