9 აპრილის ტრაგედია გაიხსენეს მარტვილში, 28 წლის წინ ზუსტად ამ დღეს, მიტინგის დაშლის შედეგად, რომელსაც გენერალ-პოლკოვნიკი როდიონოვი ხელმძღვანელობდა, 21 ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე ათეულმა სხეულის მძიმე დაზიანება მიიღო, კიდევ უფრო მეტის ჯანმრთელობა კი სამხედროების მიერ გაშვებულმა მხუთავმა გაზმა შეიწირა.
დაღუპულთა შორის იყო მარტვილელი 22 წლის აზა ადამია.
მარტვილის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ოთარ დანელიამ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა ალექსანდრე გრიგალავამ და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ ვარლამ ქაჯაიამ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და საჯარო მოხელეებთან ერთად, აზა ადამიას ხსოვნას პატივი მიაგეს და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
აზა ადამია გაიხსენეს და 9 აპრილის ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს, მარტვილის N2 საჯარო სკოლის ეზოშიც, სადაც ადგილობრივი მოსწავლეების მიერ წაკითხულ იქნა ლექსები, ჩანახატები და შესრულდა სიმღერები.